კანადაში საქართველოს საელჩომ საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილე ქართველ სამხედროებს უმასპინძლა

26.09.2017 ტორონტი - კანადის ქალაქ ტორონტოში სამხედრო მოქმედებებისას დაჭრილი სამხედროების საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტული თამაშები Invictus Games იმართება, რომელზეც საქართველოს სპორტული დელეგაცია  15 სამხედროთია  წარმოდგენილი.

კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის  სახელით გაიმართა მიღება, რომელიც თამაშებში ქართველი სამხედროების მონაწილეობასა და ტორონტოში თავდაცვის მინისტრის ვიზიტს მიეძღვნა.

მიღების ფარგლებში მოეწყო საელჩოს მიერ მომზადებული ფოტო-გამოფენა, რომელიც საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობას ასახავს. მიღებას დაესწრნენ “Invictus” თამაშებში მონაწილე სპორტსმენები, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია,  ასევე ტორონტოში მცხოვრები ქართველები და “Invictus” თამაშებში მონაწილე სხვა ქვეყნების დელეგაციები. საქართველოს ნაკრები მონაწილეობას იღებს 6 სპორტულ სახეობაში გამართულ შეჯიბრებებში. 

ტორონტოს თამაშებში, რომელიც 2014 წელს ბრიტანეთის პრინცი ჰარის ინიციატივით დაარსდა, წელს სულ 17 ქვეყანა მონაწილეობს. ღონისძიება 23-30 სექტემბერს იმართება.