კანადაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ნატოს 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

26.04.2019 კანადა- ოტავას ისტორიულ „რიდო კლუბში“ საქართველოს საელჩომ უმასპინძლა ნატო-ს 70 წლისთავისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ კანადის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მაღალი რანგის წარმომადგენლები, კანადის ნატოს ასოციაციის წევრები, კვლევითი ცენტრების ექსპერტები, ჟურნალისტები, კარლტონის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე, ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ.

ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ მთავარ მომხსენებლად მოწვეული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. მან ასევე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელსაც კანადის ნატოს ასოციაციის პროგრამების მენეჯერი კლერ ველენი უძღვებოდა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ და გაიმართა მიღება ქართული ღვინითა და კერძებით.