კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური გარდაქმნის კუთხით მიღწეულ პროგრესს

4.10.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალურ წარმომადგენელთან, კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გერმანიაში, კანადის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან სტეფან დიონთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის ყველა სფერო. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს. მიხეილ ჯანელიძემ კანადურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ, მათ შორის ეკონომიკური და ეფექტური მმართველობის მიმართულებით რაც, ასევე, ხელს შეუწყობს კანადასთან ორმხრივი ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავებას. კანადურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური გარდაქმნის კუთხით მიღწეულ პროგრესს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და იმ პოლიტიკური თუ პრაქტიკული დახმარებისთვის, რასაც კანადა ახორციელებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. კანადის მხარე მიესალმა საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია როგორც რეგიონში, ისე გლობალური მასშტაბით მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ აქტიური მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კრისტოფერ კუტერი, სპეციალური წარმომადგენლის მრჩეველი ჯენა რენნე მარტინუზი და კანადის კონსული და მთავარი სავაჭრო წარმომადგენელი კრისტოფერ ვიმერი.