კანადის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი - „საქართველო გაბედულად იღებს სწორ გადაწყვეტილებებს დემოკრატიისკენ სწრაფვის მიზნით“

5.10.2017 თბილისი - ​“პრემიერ-მინისტრ ტრუდოს სურდა როგორც მის სპეციალურ წარმომადგენელს ევროპაში პირველი ვიზიტი საქართველოში მქონოდა, ევროპის ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი. მიზეზი გახლავთ ის, რომ როდესაც ქვეყანა გაბედულად იღებს სწორ გადაწყვეტილებებს დემოკრატიისკენ სწრაფვის მიზნით, კანადა უნდა იყოს სწორედ იქ, რათა გამოხატოს საკუთარი მხარდაჭერა“- ამის შესახებ ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიონმა თბილისში, კანადის კონფედერაციის დაარსების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ღონისძიებას, რომელიც ასევე მიეძღვნა საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.

როგორც ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა  დემოკრატია მუდმივად განვითარებადი პროცესია და დემოკრატიული მთავრობა უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და მაჩვენებლებს. ამ კონტექსტში კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე, სადაც პრემიერმა სწორედ საერთაშორისო სტანდარტებსა და მაჩვენებლებზე დაყრდნობით ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და წარმატებებზე. დიონის თქმით სწორედ ასეთი მიდგომით საქართველო მუდმივად დაინახავს საკუთარ პროგრესს და მიაღწევს დიდ წარმატებას.

ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და კანადას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და განიხილა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები პოლიტიკური, საპარლამენტო, სამხედრო, ეკონომიკური, სავაჭრო და სხვა მიმართულებებით. სტეფან დიონის განცხადებით არსებობს ძალიან ბევრი მიმართულება, სადაც საქართველო და კანადა  უნდა იდგნენ ერთმანეთის მხარდამხარ და ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობა აუცილებლად იქნება პოზიტიური შედეგის მომტანი განსაკუთრებით  რეგიონისთვის.