ხათუნა თოთლაძე ადამიანის უფლებების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და სხვა ბიზნეს საწარმოების საკითხებზე გაერო-ს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

3.04.2019 თბილისი - საქართველოოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ადამიანის უფლებების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და სხვა ბიზნეს საწარმოების საკითხებზე გაერო - სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები მიიღო, რომელთაც ჯგუფის თავმჯდომარე სურია დევა ხელმძღვანელობდა.

მინისტრის მოადგილე მიესალმა სამუშაო ჯგუფის ვიზიტს საქართველოში და  ხაზი გაუსვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისსა და გაერო-ს სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე საუბარის შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გატარებული ღონისძიებებსა და მიღწეულ პროგრესს. ჯგუფის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმაში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ ცალკე მიმართულების ასახვას.
ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ განსაკუთრებით მძიმე ვითარებასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. აღინიშნა, რომ გაერო-ს სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელები მოკლებული არიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და ადგილზე ვითარების გაცნობის შესაძლებლობას.

ადამიანის უფლებების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და სხვა ბიზნეს საწარმოების საკითხებზე სამუშაო ჯგუფი საქართველოში ვიზიტი 2019 წლის 3 აპრილს დაიწყო და 12 აპრილს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შეხვედრები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საქართველოს შესაბამისი სამთავრობო უწყებების, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს-გაერთიანებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან.

განხორციელებული ვიზიტის საფუძველზე სამუშაო ჯგუფი მოამზადებს შესაბამის ანგარიშს, რომელიც 2020 წლის ივნისში გამოქვეყნდება და განხილული იქნება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 44-ე სესიის ფარგლებში.