ხათუნა თოთლაძე არგენტინის ელჩს შეხვდა

6.12.2019 ქ. თბილისი- საქართველოში არგენტინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხორხე ალეხანდრო მასტროპიეტრომ (რეზიდენციით ქ.ანკარა) რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხათუნა თოთლაძეს. ცერემონიის დასრულების შემდგომ მინისტრის მოადგილემ საქართველოში არგენტინის ახლადდანიშნულ ელჩთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა საქართველოსა და არგენტინის ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები და დინამიური თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და არგენტინას შორის ისტორიული მეგობრული კონტაქტებისა და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურებული თანამშრომლობის, ასევე, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას და გამოითქვა მზაობა ამ პროცესის შემდგომი გაღრმავებისთვის. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის არგენტინასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან მჭიდრო კონტაქტების პრიორიტეტულობას და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი არგენტინის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და არგენტინას შორის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით მიმდინარე აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა ორივე ქვეყნისთვის და მხარეებმა ხაზი გაუსვეს მზაობას განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა ამ პროცესის ხელშეწყობისა და შემდგომი გაღრმავების მიზნით.
 
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში არგენტინის ელჩმა, ხორხე ალეხანდრო მასტროპიეტრომ რწმუნებათა სიგელები გადასცა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.