ხათუნა თოთლაძე საქართველოში ესპანეთის სამეფოს ელჩს (რეზიდენციით ანკარა) ხუან გონსალეს-ბარბას შეხვდა

 
7.05.2019 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე  საქართველოში ესპანეთის სამეფოს ელჩს (რეზიდენციით ანკარა) ხუან გონსალეს-ბარბას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხები და მათი განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას.
 
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის და ხალხთაშორისი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების ეფექტურ გამოყენებას.
ხათუნა თოთლაძემ მადლობა გადაუხადა ესპანურ მხარეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის შეუქცევად გზას ადგას და ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის, ესპანეთთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა.

ელჩმა აღნიშნა, რომ ესპანეთი რჩება საქართველოს სანდო პარტნიორად და გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, გაააქტიურონ ორმხრივი ძალისხმევა როგორც პოლიტიკური, ასევე დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.