ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) პროექტის - „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება“ გახნის ღონისძიებაში

11.04.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (TWINNING) ფარგლებში, პროექტის - „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება“ - გახსნის ღონისძიებაში.
 
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილე მიესალმა TWINNING-ის პროექტის დაწყებას და პროექტის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს წარმატება უსურვა.
ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოსთვის გაწეული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის. მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (RM2EU) მნიშვნელობას.
 
ამასთანავე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის, ავსტრიის, საფრანგეთის, საბერძნეთის ელჩებმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ.
პროექტი - „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება“ - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი), ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს (E-Control), საფრანგეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისა და საბერძნეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლობითა და ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება. პროექტის დასაფინანსებლად ევროკავშირმა გამოყო 1 200 000 ევრო.