ხათუნა თოთლაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს საბოლოო განხილვის მიზნით, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური ანგარიშის პროექტი წარუდგინა

15.10.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს საბოლოო განხილვისთვის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეორე ციკლის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური ანგარიშის პროექტი წარუდგინა.

თავის გამოსვლაში, ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე, ხსენებულ მექანიზმთან საქართველოს აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე, ასევე შუალედური ანგარიშის მომზადების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობაზე.

რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება დაუთმო სხვადასხვა სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი კონვენციის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარების საკითხს,   გაერო-ს ადამიანის უფლებათა  დაცვის სხვადასხვა მექანიზმთან თანამშრომლობასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მექანიზმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომის პრობლემას.

საპარლამენტო განხილვისას, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა, რომ რეკომენდაციების სრულად შესრულების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, ყველა შესაბამისმა უწყებამ უნდა განაგრძოს მუშაობა იმ კონვენციების სავალდებულოდ აღიარებაზე, რომელთა რატიფიცირება ჯერ ვერ მოხერხდა.   

დასასრულს, ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ შუალედურ ანგარიშში აისახება პარლამენტის  კომენტარები და ახლო მომავალში დოკუმენტი გადაეგზავნება  გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს.

საპარლამენტო კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე იმ უწყების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ შუალედური ანგარიშის მომზადებაში.