ხათუნა თოთლაძემ პარლამენტში სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის შესრულების შესახებ საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიშის პროექტი წარადგინა

4.10.2019 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის შესრულების შესახებ საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიშის პროექტი წარადგინა.
 

აღნიშნული ანგარიში საქართველოს პარლამენტს წარედგინა პარლამეტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომლის თანახმადაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოებში სახელმწიფო ანგარიშების წარდგენამდე, მის პროექტს განიხილავს პარლამენტი.
 
მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პარლამენტის ჩართულობის მნიშვნელობაზე ანგარიშების მომზადების პროცესში და კომიტეტის წევრებს გააცნო პაქტით გათვალისწინებული სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა დაცვის თვალსაზრისით განხორციელებული ინსტიტუციონალური, საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციული ღონისძიებები, რაც მასში აისახა. მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობაზე, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ფედერაციას ეკისრება. ანგარიშში ამავდროულად მიმოხილულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები, რაც მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. საკომიტეტო მოსმენას ასევე ესწრებოდა ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ანგარიშის პროექტის მომზადებაში.