ხათუნა თოთლაძემ ქ. ჟენევაში ბავშვის უფლებათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

17.09.2019 ჟენევა - ქ. ჟენევაში გაიმართა ბავშვთა ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციის,  ბავშვთა პორნოგრაფიისა და შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმების შესრულების თაობაზე საქართველოს პირველადი ანგარიშების განხილვა.
 
აღნიშნული ანგარიშები მომზადდა საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით შესაბამისი უწყებების მონაწილეობით და წარედგინა ბავშვის უფლებათა კომიტეტს 2017 წელს.
 
განხილვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ამავდროულად არის გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე. დელეგაცია შედგებოდა შესაბამისი უწყებების  მაღალი დონის წარმომადგენლებისაგან.
 
თავის მისასალმებელ სიტყვაში, დელეგაციის ხელმძღვანელმა მიმოიხილა ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმების იმპლემენტაციის მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორცილებული რეფორმები. ამასთან, დელეგაციის ხელმძღვანელმა თავის გამოსვლაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებულ მძიმე დგომარეობას და მათი უფლებების მიზნით ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ხაზი გაესვა, რომ მიუხედავად არსებული რეფორმებისა, გამოწვევები კვლავ რჩება და აღნიშნა, რომ  კომიტეტის წინაშე დღევანდელი განხილვა და მიღებული რეკომენდაციები, სწორედ ქვეყნის მიერ ოქმებით ნაკისრი ვალდებულების უკეთ იმპლემენტაციას ემსახურება. 
 
კომიტეტის წინაშე ანგარიშების განხილვა მიმდინარეობდა დიალოგის რეჟიმში. დასმული კითხვების თანახმად, დელეგაციის წევრებმა კომიტეტს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორებიცაა: ბავშვთა ტრეფიკინგის, სექსუალური ექსპლუატაციასა და პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებათა დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, ბავშვთა ძალადობისგან დაცვის რეფერალური მექანიზმი, ბავშვის უფლებათა ახალი კოდექსი, შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვთა მონაწილეობის პრევენციასთან დაკავშირებული საკითხები, სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემა, ოქმებით გათვალისწინებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები და სხვა. დელეგაციამ ასევე ისაუბრა საკითხებზე, რომლებიც კვლავ გამოწვევად რჩება.
 
კომიტეტის წევრების მხრიდან დადებითად შეფასდა განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმები. ამასთანავე, აღინიშნა საკითხები, რაც საჭიროებს დამატებით ძალისხმევას.    
 
ხათუნა თოთლაძემ, დასკვნით მიმართვაში ხაზი გაუსვა ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების იმპლემენტაციის მიზნით კომიტეტის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვან საკოორდინაციო მექანიზმს წარმოადგენს ბავშვის უფლებათა და  კონვენციის განხორციელებასა და ბავშვის უფლებათა საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია.
 
ანგარიშების მოსმენის ტრანსლაცია მიმდინარეობდა პირდაპირ რეჟიმში, რაც დაინტერესებულ მხარეებს აძლევდათ საშუალებას თვალი ედევნებინათ დიალოგისათვის.
 
დასასრულს კომიტეტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს დელეგაციას დიალოგში მონაწილოების, ჩართულობისა და ღიაობისათვის.
 
ბავშვის უფლებათა კომიტეტი შექმნილია ბავშვის უფლებათ კონვენციის შესაბამისად, რომელიც ზედამხედველობას უწევს სახელმწიფოს მიერ კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. სახელმწიფო ანგარიშების განხილვის შედეგად, კომიტეტი შეიმუშვებს რეკომენდაციებს კონვენციისა და დამატებითი ოქმების ქვეყნის მიერ ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით.​