ხათუნა თოთლაძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

16.10.2018 . თბილისი  - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან.

შეხვედრისას, ღასან ხალილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გადასცა რწმუნების წერილი და ისაუბრა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ხათუნა თოთლაძემ წარმატებები უსურვა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ოფისის ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ უკანასკნელ წლებში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ.

ღასან ხალილი მიესალმა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს.

ამასთან, ხათუნა თოთლაძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოფისის ხელმძღვანელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვებზე, ადამიანის უფლებათა სხვა უხეშ დარღვევებზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და აღინიშნა მშობლიურ ენაზე დაფუძნებული მრავალენოვანი განათლების  შესახებ UNICEF-ის პროექტის მნიშვნელობა.

აქვე, ხათუნა თოთლაძემ ღასან ხალილს გააცნო სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის ერთ-ერთი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის განათლების ყველა საფეხურის ხელმისაწვდომობა და ხარისხიან განათლებაზე წვდომა.

შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობის მხარდაჭერა. თავის მხრივ, ღასან ხალილმა გამოთქვა მზადყოფნა ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობაზე.