კონსტანტინე ზალდასტანიშვილს ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული ჯილდო გადაეცა

1.02.2018 თბილისი - ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კონსტანტინე ზალდასტანიშვილს, ავსტრიის წინაშე დამსახურებისა და საქართველო-ავსტრიის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გარდაცვალების შემდეგ ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული ჯილდო - „დიდი ოქროს საპატიო ჯილდო“ (Grand Decoration of Honour in Gold with Sash) მიენიჭა. 

ჯილდო 2018 წლის 1 თებერვალს საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არად ბენკომ კონსტანტინე ზალდასტანიშვილის მეუღლეს გადასცა. ცერემონიას ესწრებოდნენ ოჯახის წევრები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.  როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, ისე ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ თავიანთ გამოსვლაში ხაზი გაუსვეს კონსტანტინე ზალდასტანიშვილის მაღალ პროფესიონალიზმს, მის უდიდეს ღვაწლს ქართული დიპლომატიის წინაშე და საქართველო-ავსტრიის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილ უზარმაზარ წვლილს.
 
აღსანიშნავია, რომ „დიდი ოქროს საპატიო ჯილდო“ გადაეცემათ მსოფლიო რანგის ფიგურებს, გამოჩენილ მოღვაწეებს, პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უცხო ქვეყნების ელჩებს. ჯილდო თავის დროზე მიიღეს ვილი ბრანდტმა, კოფი ანანმა, ანგელა მერკელმა, ჟან-კლოდ იუნკერმა და სხვებმა.