კორეაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ქ.სეული -საქართველოს  საელჩოს ორგანიზებით, სეულში  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი  მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს  მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან  ისაუბრა 1918 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებასთან დაკავშირებული მოვლენების, ქვეყნის სუვერენიტეტის და  ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით იმჟამინდელი ხელისუფლების მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.

ელჩმა დამსწრე საზოგადოებას  ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დღეს არსებული ვითარების, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და ქართული კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ღვინის კულტურასთან დაკავშირებული შემეცნებითი მასალა.

ღონისძიებას კორეის საკანონმდებლო ორგანოსა და სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სეულში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ესწრებოდნენ.