კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა იონსეის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

16.05.2019 კორეის რესპუბლიკა - საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით,  კორეის  იონსეის უნივერსიტეტში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა ლექცია წაიკითხა.
 
სიტყვით გამოსვლისას ოთარ ბერძენიშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. ელჩმა ისაუბრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიების, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესზე. საქართველოს ელჩმა ასევე ყურადღბა გაამახვილა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებას.
 
კორეა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას და ტურიზმის სფეროში არსებულ მზარდ თანამშრომლობას. აუდიტორიის ინტერესის საფუძველზე,  ოთარ ბერძენიშვილმა აგრეთვე ისაუბრა კორეის რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებებზე და ამ მიზნით საელჩოს მიერ  დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
 
ლექციის ფარგლებში, ელჩმა ასევე   მიმოიხილა საქართველოს ისტორია და ტრადიციები.
 
ლექციის მეორე ნაწილი დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რომლის დროსაც საქართველოს ელჩმა უპასუხა დამსწრე და აკადემიური წრეების წარმომადგენლების და სტუდენტების კითხვებს.