კუნძულ ტექსელზე მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ქართველი და ჰოლანდიელი მეომრების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

4.05.2019 ნიდერლანდები- -ნიდერლანდების სამეფოში  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ,  ქართულმა დელეგაციამ და ქალაქ ტექსელის მერიის წარმომადგენლებმა ქართველ და ჰოლანდიელ მეომართა საფლავებს პატივი მიაგეს. ასევე, სტუმრები „De Burght“–ის ეკლესიაში ჰოლანდიელი მეომრების ხსოვნისადმი მიძღვნილ საგანგებო ცერემონიალსაც დაესწრნენ.
 
სპეციალურად ამ დღისთვის, ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა, კუნძულ ტექსელთან მდებარე ქალაქ დენ ჰელდერში, სპექტაკლი “დამსჯელი 14“ წარმოადგინეს. სპექტაკლის ფარგლებში მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ეხილა ჰოლანდიაში მცხოვრები და მოღვაწე, სოხუმელი მხატვრის გიორგი შენგელიას ფაიფურის ქანდაკებების გამოფენა სახელწოდებით - “ბავშვები ისვრიან უკან”. სწორედ ამ ნამუშევრებით გამოხატავს გიორგი შენგელია პროტესტს ომის და უსამართლობის წინააღმდეგ, რომლის მონაწილეც თავად გახდა აფხაზეთში.
 
ღონისძიებისადმი მიძღვნილ სპექტაკლს საქართველოდან და ბელგიიდან მოწვეული სტუმრები, მათ შორის საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე დოსითეოსი, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ტექსელის მერიის წარმომადგენლები და ტექსელზე მცხოვრები ჰოლანდიელები ესწრებოდნენ.