კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტის შედეგად კიდევ უფრო გაღრმავდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები - დავით ზალკალიანი

18.04.2019 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტი შეაფასა: „დასრულდა კვიპროსის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვანი იყო შედეგებიდან გამომდინარე, რადგანაც ამ ვიზიტის შედეგად კიდევ უფრო გაღრმავდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

მინისტრის თქმით, ვიზიტის შედეგად საქართველოსა და კვიპროსს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება ეკონომიკის, ტურიზმის, ჯანდაცვისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით.

„მიღწეულია შეთანხმება, რომ განსაკუთრებული აქცენტები გავაკეთოთ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, გამოიკვეთა რამდენიმე სფერო - ტურიზმის განვითარება, ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა, პირდაპირი კავშირების გააქტიურება, ხალხთაშორისი ურთიერთობები. მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ, რომ მიღწეულ იქნას ცირკულარული მიგრაციის კუთხით შეთანხმება.“- აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის შედეგად, კვიპროსის მხრიდან საქართველო დასახელდა როგორც უსაფრთხო ქვეყნად. მინისტრის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში თავისუფალ გადაადგილებას.

ზალკალიანის თქმით, კვიპროსელ კოლეგასთან შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

„შეთანხმდა, რომ მომავალში კოორდინირებულ რეჟიმში ვიქნებით იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში მნიშვნელოვან საკითხებზე გვქონდეს თანხვედრი პოზიცია. კვიპროსის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ასევე ევროპული ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მხარდაჭერა. უახლოეს შეხვედრებზე და ფორმატებში ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ კვიპროსი კვლავინდებურად გააგრძელებს ამ მხარდაჭერას. პირველი ასეთი უახლოესი შეხვედრა იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფორმატში.“- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული შეფასება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა, სადაც ვიზიტის დასრულების შემდეგ გაიმართა კვიპროსის პრეზიდენტის გაცილების ოფიციალური ცერემონია.