კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დახმარება აღუთქვა

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარეს დიმიტრის სილურისს შეხვდა.

საქართველო-კვიპროსის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის ფარგლებში, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებში ბოლო პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე და ხაზი გაესვა საპარლამენტო კავშირების მეტად გაღრმავების აუცილებლობას.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას, ასევე მხარეებმა მიმოიხილეს კვიპროსის პრობლემის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებები.

დიმიტრის სილურისმა ქართულ მხარეს მიულოცა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება და აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაცია წინგადადგმული ნაბიჯია არამხოლოდ საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის.

თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა კვიპროსს ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს უპირობო მხარდაჭერისთვის პროცედურების მაქსიმალურად დაჩქარებისა და საბოლოო შედეგის მიღების კუთხით.

წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კვიპროსის პარლამენტი მაქსიმალურად შეეცდება ქმედითი დახმარება გაუწიოს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს და სწორედ ეს საკითხი იქნება საპარლამენტო კავშირების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. დიმიტრის სილურისმა 2017 წელს საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოხატა.