კვიპროსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავი საზეიმო მიღებით აღინიშნა

9.06.2017, ნიქოზია - ქ. ნიქოზიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ და კვიპროსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ნიკოს კუიალისმა. გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და კვიპროსს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ნიკოს კუიალისმა ასევე დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ღონისძიების გახსნით ნაწილში წარმოდგენილ იქნა ვიდეოკლიპი, რომელიც სპეციალურად საზეიმო მიღებისათვის შეიქმნა. ვიდეოკლიპის გზავნილი გახლდათ „ქართველი და კვიპროსელი ბავშვები მშვიდობისთვის“. 

მიღების ფარგლებში გაიმართა ქართული ეროვნული ტანისამოსის, საქართველოს ხედებისა და კვიპროსელი ჟურნალისტების მიერ საქართველოში გადაღებული ფოტოების გამოფენა. საზეიმო ღონისძიების მუსიკალური გაფორმების მიზნით, კვიპროსს საქართველოდან ეწვია პაატა ანდრიაძის ბენდი. 

ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს საელჩო ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

გარდა ამისა, შენობა, რომელშიც საზეიმო მიღება გაიმართა, განათებული იყო საქართველოს დროშისა და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისთვის შექმნილი სპეციალური ლოგოთი. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ კვიპროსის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ქართული დიასპორის, სამთავარეპისკოპოსოს, მედიის, ბიზნესის, კულტურისა და აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორისა და ნიქოზიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.