ლაშა დარსალია ადამიანის უფლებების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და სხვა ბიზნეს საწარმოების საკითხებზე გაერო-ს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

12.04.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ადამიანის უფლებების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და სხვა ბიზნეს საწარმოების საკითხებზე გაერო-ს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან, რომელთაც ჯგუფის თავმჯდომარე სურია დევა ხელმძღვანელობდა.
 
მინისტრის მოადგილე მიესალმა გაერო-ს სამუშაო ჯგუფის ვიზიტს საქართველოში და  ხაზი გაუსვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისსა და გაერო-ს სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელებთან საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
 
ადამიანის უფლებების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და სხვა ბიზნეს საწარმოების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ვიზიტი, საქართველოს მთავრობის მოწვევით, 2019 წლის 3-12 აპრილის პერიოდში განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფმა შეხვედრები გამართა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საქართველოს შესაბამისი სამთავრობო უწყებების, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს-გაერთიანებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას ვიზიტის წარმატებულად განხორციელების მიზნით გაწეული დახმარებისთვის, შეაჯამეს ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგები და ქართულ მხარეს გაუზიარეს თავიანთი რეკომენდაციები.
 
განხორციელებული ვიზიტის საფუძველზე სამუშაო ჯგუფი მოამზადებს შესაბამის ანგარიშს, რომელიც 2020 წლის ივნისში გამოქვეყნდება და განხილული იქნება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 44-ე სესიის ფარგლებში.