ლაშა დარსალია დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა

2019 წლის 31 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის, აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის დახურვის შედეგად ოკუპირებული ახალგორის რაიონში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი. საოკუპაციო რეჟიმის უკანონო და პროვოკაციული ქმედებების შედეგია სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტი იმის გამო, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მას არ მისცეს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის საშუალება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების დაუყოვნებლივ აღდგენის აუცილებლობას.
 
განიხილეს რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირებული უკანონო და პროვოკაციული ქმედებები, რაც იწვევს ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ისედაც მძიმე მდგომარეობის უკიდურეს გაუარესებას, მიზნად ისახავს ვითარების ესკალაციას და საქართველოზე ზეწოლას.
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ უკანონო და პროვოკაციული ნაბიჯების შეწყვეტის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული საკითხების უპირობო გადაწყვეტისთვის   კონსტრუქციული ჩართულობის აუცილებლობას.
 
თავის მხრივ, უცხოელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერა. აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის და ქმედითი ნაბიჯების მნიშვნელობა არსებულ გამოწვევებთან გამკლავების, ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში პროგრესის მიზნით.