ლაშა დარსალია ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

8.02.2019 ავსტრია- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილელაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ-მდივანთან, ტომას გრემინგერთან. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ლაშა დარსალიამ ეუთო-ს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის დინამიკასა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრების (IPRM) შეუფერხებელი მუშაობის მნიშვნელობაზე.

ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრები ასევე გამართა ეუთო-ს კონფლიქტის პრევენციის ცენტრის დირექტორთან და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან.