ლაშა დარსალია ევროკავშირის მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს შეხვდა

22.10.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროკავშირის მხრიდან თანათავმჯდომარესთან, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან. 
 

ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ახალმა ხელმძღვანელმა ევროკავშირის წარმომადგენლებს გააცნო ქართული მხარის პრიორიტეტები მოლაპარაკებების ფორმატებსა და ზოგადად, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას, რათა შესაძლებელი გახდეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ პრობლემების გადაჭრა, აგრეთვე დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევა. ამ კონტექსტში განხილულ იქნა რუსეთის მეირ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საჭიროება. აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე.
 
რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გამართულად ფუნქციონირების საჭიროებას, ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების საფუძველზე.
 
თავის მხრივ, ტოივო კლაარმა გამოთქვა სრული მზადყოფნა, რომ თანათავმჯდომარე ორგანიზაციები კვლავაც გააგრძელებენ აქტიურ ძალისხმევას მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენებისა და მონაწილეთა ქმედითი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით.