ლაშა დარსალია იოჰანეს ვან დერ კლაუს შეხვდა

1.02.2019 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) იოჰანეს ვან დერ კლაუს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში UNHCR-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. მინისტრის მოადგილემ UNHCR-ის რეგიონულ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული ჰუმანიტარული პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენას.                     

ამასთან, ლაშა დარსალიამ იოჰანეს ვან დერ კლაუს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობაზე საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში. ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღინიშნა UNHCR-ის როლის მნიშვნელობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-2 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.   

მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებზე.