ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან საოკუპაციო ხაზზე შექმნილი ვითარება განიხილა

12.02.2020 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ჩაკეტილ ე.წ. გადასასვლელებზე და ხაზი გაესვა თავისუფალი გადაადგილების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები აგრძელებენ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებას და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას.
 
მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებზე. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციისთვის საჭირო ნაბიჯებზე.
 
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას. აღინიშნა ფორმატის ეფექტიანი გამოყენების საჭიროება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრისთვის. აქცენტი გაკეთდა პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე მოლაპარაკებების დღის წესრიგით გათვალისწინებულ მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
 
ადგილზე გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესვა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ფუძემდებლური პრინციპების სრული დაცვით აღდგენის აუცილებლობას.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა თანათავმჯდომარეებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში მათი ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.