ლაშა დარსალია მინსკში მიუნხენის კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

30 ოქტომბრიდან – 1 ნოემბრის ჩათვლით, მინსკში მიუნხენის უსაფრთხოების  კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სიტყვით გამოვიდა ღონისძიების დასკვნით პანელზე, რომელზეც საუბარი შეეხო  რეგიონში არსებულ კონფლიქტებს. პანელზე, ლაშა დარსალიასთან ერთად სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი პაველ ფილიპი მონაწილეობდნენ.

საკუთარ გამოსვლაში ლაშა დარსალიამ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია  მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავაც არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, რითიც საფრთხეს უქმნის ევროპული უსაფრთხოების სისტემას. რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების კონტექსტში ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთის მიმართ მტკიცე და პრინციპული პოზიციის აუცილებლობას, რომელიც თავისი დესტრუქციული და უკანონო ქმედებებით უხეშად არღვევს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

ღონისძიების პარალელურად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამართა ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მოლდოვას  საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყოფილ თანათავმჯდომარესთან, ანტი ტურუნენთან.

ღონისძიებაში 70–ზე მეტი უმაღლესი და მაღალი დონის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, აკადემიური და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.