ლაშა დარსალია სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

 30.08.2019 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლმოვალეობის შემსრულებელს სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) იოკო აკასაკას  შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ UNHCR-ის ოფისს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული ჰუმანიტარული საქმიანობისთვის, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენას.
ამასთან, ლაშა დარსალიამ იოკო აკასაკას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
 
განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე გამახვილდა. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის გაერო-ს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას ვითარების დეესკალაციის პროცესში.
 
შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-2 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში UNHCR-ის, მათ შორის ორგანიზაციის თბილისის ოფისის, ჩართულობის მნიშვნელობა.
მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებზე.