ლაშა დარსალია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ქეით ფიერონთან.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალგორსა და გალში არსებულ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.
 
მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებზე. აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები აგრძელებენ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებას და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას.
 
გახშირებული პროვოკაციების ფონზე, აქცენტი გაკეთდა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლების აუცილებლობაზე.
 
ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის - როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიის - მნიშვნელოვან როლს ყოველდღიური პროვოკაციების ფონზე ვითარების ესკალაციის პრევენციაში.