ლაშა დარსალიამ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მიმდინარე წლის 5-6 თებერვალს საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ეუთო-სლოვაკეთის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის კონფერენციაში. ღონისძიების თემას წარმოადგენდა ეუთო-რეგიონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ღონისძიება გახსნა ეუთო-მოქმედმა თავმჯდომარემ, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეუთო-მონაწილე სახელმწიფოების პოლიტიკური ლიდერები, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.
 
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია. მან ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და ყურადღება გაამახვილა ქართულ-ებრაულ 26 საუკუნოვან ურთიერთობებზე, რომელსაც 2018 წელს საქართველოს მთავრობის მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
 
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ფრანტიშეკ რუჟიჩკასთან, სლოვაკეთის ეუთო-ს თავმჯდომარეობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან ოკსანა ტომოვასთან და სამინისტროს საერთაშორი­სო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან კარლა ვურსტეროვასთან. შეხვედრებზე ქართულმა მხარემ ვრცლად ისაუბრა ეუთო-ში საქართველოს პრიორიტეტებზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე.

კონფერენციის ფარგლებში ასევე შეხვედრები გაიმართა ბელარუსის რესპუბლიკისა და მონტენეგროს საგარო უწყებების სახელმწიფო მდივნებთან - ოლეგ კრავჩენკოსა და ზორან იანკოვიჩთან და კოლეგებთან ალბანეთის, სომხეთისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო უწყებებიდან - არტემის დრალოსთან, არტაკ აპიტონიანთან და იოსიფ ბრკიჩთან. შეხვედრებისას განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული თანამშრომლობის საკითხები.