ლაშა დარსალიამ ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ისაუბრა

4.04.2019 ჟენევა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევაში უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრში (GCSP) შეხვედრა გამართა ჟენევაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და GCSP-ის თანამშრომლებთან. მინისტრის მოადგილემ მოხსენება გააკეთა თემაზე „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში“.

ლაშა დარსალიამ ისაუბრა ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გლობალურ გამოწვევებზე. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს ომზე და აღნიშნა, რომ ომიდან 10 წლის თავზე, რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას  და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მოგვარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის აუცილებლობაზე და ჟენევასა და ნიუ-იორკში წარმოდგენილი საქართველოს რეზოლუციების მნიშვნელობაზე.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს GCSP-ს წარმომადგენლებმა, კრისიტან ბულმანმა და მარკ ფინომ. 

ღონისძიება კითხვა პასუხის რეჟიმში ჩატარდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  ჟენევაში აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა, დიპლომატიურმა კორპუსმა და GCSP-ის თანამშრომლებმა.
აღსანიშნავია, რომ ლაშა დარსალია თავად გახლავთ GCSP-ის „New Issues in Security Course“ კურსის 2016 წლის კურსდამთავრებული.