ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ ორგანიზებულ მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში

22.03.2019 ქ. ჟენევა - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ ორგანიზებულ მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში.

ფორუმის გახსნის ცერემონიაზე, ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვისადმი (VNR) მიძღვნილ მაღალი დონის სეგმენტში ლაშა დარსალიამ განცხადება გააკეთა და 2016 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) შესახებ ისაუბრა.

საკუთარ გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ეროვნულ სტრატეგიასა და პრიორიტეტებზე. ასევე განაცხადა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები შესაბამისობაში მოდის მდგრადი განვითარების მიზნებთან. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს მდგრადი განვითარების პოლიტიკის განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა გარემოს დაცვა, ინფრასტრუქტურული პროექტები, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ინვესტიციების მოზიდვა, მოსახლეობის ჩართულობა ეკონომიკურ აქტივობებში და სხვა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა 2020 წლისთვისაც გეგმავს ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის მომზადებას.
ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ ორგანიზებულ მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში მონაწილეობას ასევე იღებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ ჯანჯალია.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით მოეწყო ქართული კუთხე, რომელზეც წარმოდგენილია მრავალფეროვანი თემატური საინფორმაციო მასალა საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ტურისტული პოტენციალისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით გატარებული რეფორმების შესახებ.
UNECE-ს რეგიონული ფორუმი ჟენევაში 21-22 მარტს იმართება.