ლატვიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

30.05.2018 ლატვია, რიგა - საქართველოს საელჩოს ორგანიზებით რიგაში, VEF-ის კულტურის სასახლეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიება საქართველოსა და ლატვიის სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა, რის შემდეგაც მიწვეულ სტუმრებს ლატვიაში საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ჯანჯალიამ სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და ლატვიაში საკუთარი მოღვაწეობის ხუთი წელი შეაჯამა.

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა რაიმონდს ბერგმანისმა, რომელიც ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა აღნიშნა ლატვიასა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში საელჩოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და ხაზი გაუსვა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, ლატვიელი პარლამენტარის მიერ საქართველოში ვიზიტის დროს ასახული სხვადასხვა კუთხის ხედებისა და საელჩოს ხუთწლიანი მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენები. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები, ღვინო და მინერალური წყალი. მიღება მუსიკალურად გააფორმა ლატვიურმა ჯაზ-ბენდმა „Los Pulidos“, რომელმაც ქართული და უცხოური კომპოზიციები შეასრულა.

ღონისძიებას ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ლატვიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ლატვიაში მცხოვრები ქართული დიასპორა და ქართველი სტუდენტები ესწრებოდნენ.