ლატვიაში საქართველოს ელჩმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

26.03.2019 ლატვია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძემ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში.  საიუბილეო ღონისძიება ორგანიზებული იყო ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და რუმინეთის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის მიერ. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე, მის შედეგებზე, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
 
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნმა, ანდრის პელსშმა  და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნმა, დან ნიკოლესკუმ მიმართეს.
 
კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე, რომელმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობასა და მის ფარგლებში საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე  მიღწევებზე ისაუბრა.  მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საბოლოო მიზანს ევროკავშირის წევრობა წარმოადგენს, რაც ასევე არის ქართველი ხალხის არჩევანი და გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით.
 
საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ ლატვიისა და რუმინეთის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.