ლიბიაში დაკავებული ქართველების ოჯახის წევრებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა

ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, მიმდინარე წლის  1 თებერვალს გაიმართა მორიგი შეხვედრა ლიბიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების  ოჯახის წევრებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე  ასევე იმყოფებოდნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი და აჭარის მთავრობის წარმომადგენელი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის  მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა დაკავებული პირების ოჯახის წევრებს  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით  დღეისათვის არსებული ვითარებისა და მათი მდგომარეობის შესახებ.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების პრობლემის გადაწყვეტაში. ჩვენ მყისიერად ჩავერთეთ, როგორც საკონსულო, ისე სამართლებრივი დაცვის კუთხით. დღევანდელ  შეხვედრაზე   კოორდინირებულად განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები. პროცესში ჩართულია არა მხოლოდ საკონსულო დეპარტამენტი, არამედ სამინისტროს ხელმძღვანელობა, მინისტრი უშუალოდ არის პროცესის  საქმის კურსში და სისტემატურად ისმენს ანგარიშს.  საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, როგორც  ეგვიპტეში, ასევე თურქეთში, იტალიასა და გაეროში მუშაობენ  ამ საკითხზე. ვთანამშრომლობთ პარტნიორ სახელმწიფოებთან, რომლებიც უშუალოდ არიან წარმოდგენილი რეზიდენციით ტრიპოლიში.  მოგეხსენებათ ლიბიაში  საკმაოდ მძიმე სამხედრო-პოლიტიკური ვითარებაა,  რაც მნიშვნელოვნად ართულებს სამუშაოებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვცდილობთ  საკითხი მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოგვარდეს.“-განაცხადა  ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

აჭარის მთავრობის წარმომადგენლის ალექსანდრე დავითაძის განცხადებით  აჭარის მთავრობა ყოველდღიურ კომუნიკაციაში იმყოფება  დაკავებულების ოჯახის წევრებთან, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.  „ვაგრძელებთ კომუნიკაციას და ვიმედოვნებთ, რომ მალე დაბრუნდებიან სამშობლოში,“- განაცხადა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დავითაძემ.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს და აჭარის მთავრობას დღევანდელი შეხვედრისათვის. ჩვენი სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ვცდილობთ მეზღვაურებს გავუწიოთ დახმარება. მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება ყველა სახელწიფოს უწყების მხრიდან.“-  განაცხადა აჭარის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ.
 
როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ დაკავებული მეზღვაურის სოსლან კაკაბაძის მეუღლემ, დონარ გოგიტიძემ და რომან კაკალაძის დამ, სალომე კაკალაძემ  განაცხადეს,   შეხვედრაზე მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს  ოჯახის წევრების მდგომარეობის და ზოგადად პროცესის მიმდინარეობის თაობაზე: “ბატონ ვლადიმერთან გვაქვს ყოველთვის კომუნიკაცია, ყოველთვის ამომწურავ პასუხს გვაწვდის, დიდი მადლობა მას რომ თბილისიდან ჩამოვიდა, დაგვპირდა, რომ იქნება რაღაც თებერვლისთვის, დაველოდოთ, იქნებ  ჩატარდეს სასამარლო და გამოუშვან პატიმრობიდან“; „კმაყოფილები ვართ, ყველა ჩვენ დასმულ კითხვას  პასუხი გაეცა, კმაყოფილები ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროსი, უკვე მეორედ შევხვდით საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს და ჩვენს კითხვებს ამომწურავად გაეცა პასუხი, ველოდებით შედეგს.“

როგორც ცნობილია, ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს დააკავეს. დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველია. დაკავებულებს  არალეგალური ტვირთის გადატანა და აკრძალულ წყლებში ნაოსნობა ედებათ ბრალად.