ლიეტუვაში საქართველოს ელჩის გამოსამშვიდობებელი ღონისძიება და ფესტივალის „საქართველოს კულტურული გაზაფხული“ დახურვა გაიმართა

1.04.2019 ლიეტუვა-ვილნიუსის მთავარ მოედანზე მდებარე რატუშის შენობაში საქართველოს ელჩის გამოსამშვიდობებელ საზეიმო  ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი, ლიეტუვის პარლამენტის (სეიმის) თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი და ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური პირები. აღსანიშნავია, რომ რატუშის შენობაზე საქართველო-ლიეტუვას მეგობრობის ნიშნად გამოიფინა საქართველო-ლიეტუვას დროშები.
 
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე, მან  თავის გამოსვლაში შეაჯამა ლიეტუვაში საქმიანობის პერიოდში განხორციელებული სამუშაო. ხაზი გაუსვა ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და  აღნიშნა ის მჭიდრო ურთიერთობები, რაც სახეზეა საქართველო-ლიეტუვის ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში. განსაკუთრებით გაესვა ხაზი მაღალი დონის ვიზიტების აქტიურ დინამიკას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ტურიზმის ზრდას, განათლებისა და კულტურის სფეროებში განხორციელებულ უმნიშვნელოვანეს პროექტებსა და დანერგილ სიახლეებს. ასევე აღინიშნა, რომ ბოლო წლების მანძილზე ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველი სტუდენტების რაოდენობა, გაღრმავდა ხალხთაშორისი კავშირები. განსაკუთრებით აღინიშნა  ლიეტუვას ისტორიული გადაწყვეტილება განხორციელებული  უნიკალური საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომლის თანახმადაც ლიეტუვურ ენაში  საქართველოს ოფიციალური დასახელება "გრუზია" "საქართველოთი" შეიცვალა.
 
მიღებაზე მიწვეული სტუმრების წინაშე ქართული ხალხური სიმღერების რეპერტუარით წარსდგნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის   ანსამბლი „სულიკო“ და ლიეტუველი ოპერის ვარსკვლავი ნომედა კაზლაუსი.  აღნიშნული ღონისძიებით ასევე დასრულდა  „საქართველოს კულტურის გაზაფხული 2019“ ფესტივალი, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
 
ხათუნა სალუქვაძე ლიეტუვის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა და საქმიანობა 1 აპრილს დაასრულა.   ელჩმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა ლიეტუვის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან, პრემიერ-მინისტრთან საულიუს სკვერნელისთან და სეიმის თავმჯდომარესთან ვიქტორას პრანცკიეტისთან.
 
ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ხათუნა სალუქვაძეს მადლობა გადუხადა ლიეტუვაში ნაყოფიერი და წარმატებულის საქმიანობისათვის და აღნიშნა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოსა და ლიეტუვას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაღრმავდა და გაფართოვდა ყველა მიმართულებით. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ისტორიული მნიშვნელობის ფაქტად დარჩება ქართულ და ლიეტუვურ ენებში ორი ქვეყნის აუთენტური სახელწოდებების დამკვიდრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები. დალია გრიბაუსკიატემ ასევე დააფიქსირა, რომ ლიეტუვა კვლავაც იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ ქვეყნად და გააგრძელებს საქართველოს ხელშეწყობას ამ მიმართულებით. 
პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გააქტიურებულ მაღალი დონის ვიზიტებსა და პოლიტიკურ დიალოგს, ასევე იმ დადებით ტენდენციებს, რაც სახეზეა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ტურიზმის ზრდის, განათლების, კულტურისა და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების თვალსაზრისით.
 
სეიმის თავმჯდომარემ ვიქტორას პრანცკიეტისმა საქართველოს ელჩთან შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღნიშნა უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა ყველა მიმართულებით. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა  ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთქმედებაზე, რაც ბოლო წლების მანძილზე კიდევ უფრო გაღრმავდა.