ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, რუსეთი დასავლეთის სიმტკიცეს ცდის, თუ რამდენად შორს შეძლებს წასვლას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში

17.07.2017 თბილისი - ​ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა 17 ივლისს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გამაგრებასთან დაკავშირებით.

ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ეს ფაქტი არის დასავლეთის პოზიციისა და განცხადებების უგულვებელყოფის მორიგი მაგალითი.

„საჭიროა გავაგრძელოთ თანმიმდევრული და კონსოლიდირებული პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღევანდელი შეხვედრისდღის წესრიგი ამ საკითხს არ მოიცავს, ეს თემა მუდმივი ყურადღების ცენტრშია“ - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქართულმა მხარემ უნდა განაგრძოს პასუხისმგებლობით მოქმედება და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციები.

„აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამ საკითხზე რაღაც შეიცვალოს, ვინაიდან რუსეთი, როგორც წესი, ცდის ჩვენს სიფხიზლესა და სიმტკიცეს, ცდის, თუ რამდენადშორს შეძლებს წასვლას, არა მხოლოდ ამ გამყოფ ხაზთან მიმართებაში, არამედ ზოგადად მის მიერ წარმოებული პოლიტიკის თვალსაზრისით,“ - ამბობს ლინას ლინკევიჩუსი.