ლიტვა ქართულ მხარეს კვლავაც გაუწევს ექსპერტულ დახმარებას და გამოცდილების გაზიარებას ევროინტეგრაციის გზაზე

02.05.2017 თბილისი - 2017 წლის 2 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორთან იონას გრინევიჩიუსთან და სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში იონას პასლაუსკასთან, რომლებიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში.
 
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ლიტვას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები და უახლოეს მომავალში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები. ლიტვის დელეგაციის წევრებმა დაადასტურეს ლიტვის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რისთვისაც ვახტანგ მახარობლიშვილმა მათ მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ლიტვური მხარე უყურადღებოდ არ ტოვებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ არც ერთ უკანონო ქმედებას და ხაზი გაუსვა ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებების მნიშვნელობას.
 
შეხვედრაზე სათანადო ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ლიტვის დელეგაციის წევრებმა მიულოცეს ქართულ მხარეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, რასაც ლიტვა, თავის მხრივ, აქტიურად ლობირებდა და ქვეყნის შიგნით საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნა.
 
ვახტანგ მახარობლიშვილმა ლიტველ კოლეგებს გააცნო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. განხილულ იქნა ნოემბერში, ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პატნიორობის“ სამიტზე საქართველოს მოლოდინები, რომელიც ლიტვურმა მხარემ გაიზიარა და გამოთქვა მზადყოფნა აღნიშნულ პროცესში მხარდაჭერის კუთხით. ასევე, აღინიშნა, რომ ლიტვა კვლავაც გაუზიარებს საქართველოს თავის გამოცდილებას, გაუწევს ექსპერტულ დახმარებას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში და მოახდენს საქართველოსთან დაკავშირებული თემებს ლობირებას ევროკავშირში.