ლიტვაში საქართველოს დამოუკიდებლობის და ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მეასე წლისთავის აღსანიშნავი ერთობლივი ღონისძიების სერია დაიწყო

30 ნოემბერს ლიტვაში ლიტვის ეროვნულ მუზეუმში საზეიმოდ გაიხსნა 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის და ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მეასე წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებათა სერია. საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,  გაიხსნა გამოფენა - „ქართული ეროვნული კოსტუმი ევროპულ ოჯახში“.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ლიტვის კულტურის მინისტრმა ლიანა რუოკიტე-ჯონსონმა. გამოფენის გახსნას ასევე ესწრებოდნენ ლიტვის სეიმის წევრები, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ლიტვის ხელოვნებისა და კულტურის, ბიზნეს წრეების, მედია-საშუალებების წარმომადგენლები.

საქართველოს ელჩმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს, რომლებიც აქტიურად ვითარდება როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო დონეზე და  ლიტვის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის. სტუმრებს საქართველოს ელჩმა ასევე წარუდგინა პრეზენტაცია ქართული ეროვნული სამოსის ისტორიის შესახებ.

ლიტვის კულტურის მინისტრმა ლიანა რუოკიტე-ჯონსონმა ისაუბრა ახლახან მის მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი კულტურული თანამშრომლობის პროგრამის საფუძველზე, ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელების გეგემებზე.

ლიტვის სეიმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ რამუნას კარბაუსკისმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და გამოხატა მზაობა, საქართველოს დამოუკიდებლობის და ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მეასე წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებისათვის.

მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ეკატერინე ჯავახიშვილის მიე რდაფუძნებული „ნაციონალური სამოსის სახლის“ ქართული ეროვნული სამოსის ექსპონატები, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის მიერ მომზადებული ფოტო-გამოფენა „ქართული ეროვნული სამოსის მრავალფეროვნება“, ფოტო-გამოფენა „50 ქალი საქართველოდან“ და ქართული ტიხრული მინანქრის მხატვარ-დიზაინერის სოფი ეცადაშვილის მიერ ქართული ეროვნული სამოსის მოტივებზე შესრულებული ნამუშევრები. ასევე ღონისძიებაზე სტუმრების წინაშე წარსდგნენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული სოლისტების ანსამბლი „სულიკო“ და საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავის” წევრები. ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ლიტვურ მედიაში.

აღსანიშნავია, რომ საზეიმო ღონისძიების თანაორგანიზატორი იყო ლიტვის სეიმის (პარლამენტის) კულტურის კომიტეტი.