ლიტვის რესპუბლიკის სეიმში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართეს

11.09.2017 თბილისი - 2017 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი  ლიტვის რესპუბლიკის სეიმში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. 

დელეგაციას ხელმძღვანელობს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ჟიგიმანტას პავილიონისი, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრები ანდრიუს კუბილიუსი და გედიმინას კირკილასი, რომელიც ამჟამად ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა. საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ლიტვის სეიმში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია და მასში 56 დეპუტატი შედის.

შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობები. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ლიტველ პარლამენტარებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლიტვის საკანონმდებლო ორგანო წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ და მიღებული აქვს საქართველოს სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არაერთი მხარდამჭერი განცხადება და რეზოლუცია.

მინისტრის მოადგილემ ასევე გააცნო ლიტვურ მხარეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგის არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობას და მიმდინარე წლის ნოემბერში, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტს და მის მოლოდინებს.

ლიტველი პარლამენტარების დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის სხვა წევრებთან. ასევე, დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ 12-13 სექტემბერს, თბილისში დაგეგმილ აშშ-ს მაკკეინის ინსტიტუტისა და Economic Policy Research Center-ის (EPRC) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში “A World in Flux: The Future of Democracy, Transatlantic Relations, Europe and the Middle East“.