ლონდონის უესტმინსტერის უნივერსიტეტმა ყოველწლიურ კონფერენციას „საქართველოს დღე” უმასპინძლა

4.11.2019 დიდი ბრიტანეთი - უესტმინსტერის უნივერსიტეტმა უმასპინძლა რიგით 32-ე ყოველწლიურ ღონისძიებას “საქართველოს დღე”, რომელიც მიეძღვნა თემას „საქართველო, როგორც განათლებისა და მეცნიერების ჰაბი”. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საელჩოსა და უესტმინსტერის უნივერსიტეტის თანა-ორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებულ სამეფოში აკადემიური წრეების, დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის წარმომადგენლებმა.
 
კონფერენცია გახსნეს დამაარსებელმა და თანა-ორგანიზატორმა თამარა დრაგაძემ და
უესტმინსტერის უნივერსიტეტის, ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯის პრეზიდენტმა, პროფესორმა, ენდრიუ ლინმა.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მთავარი მომხსენებლების სტატუსით მიმართეს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა და საგარეო და თანამეგობრობის ოფისის, საგარეო ურთიერთობათა და რბილი ძალის დეპარტამენტის დირექტორმა პოლ ბრამელმა.
 
თავის გამოსვლაში, საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა ხაზი გაუსვა  ლონდონში „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერასა და მის მნიშვნელობას. საქართველოს ელჩმა, ასევე ისაუბრა საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე და ამ კუთხით საქართველოს მთავრობის წარმატებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე.
 
თავის მხრივ პოლ ბრამელმა მიმოიხილა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და განსაკუთრებით აღნიშნა მჭიდრო აკადემიური, კულტურული და ხალხთა შორისი კავშირები ორ ქვეყანას შორის.
 
კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის წევრმა და საქართველოს კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების ხელმძღვანელმა, პროფესორმა რემა ღვამიჩავამ ისაუბრა “საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერება სამედიცინო განათლებისა და კვლევის სფეროში”. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში დოქტორმა კონსტანტინე თოფურიამ და პროფესორმა ლეილა ახვლედიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოში განათლების და მეცნიერების სფეროში არსებული შესაძლებლობებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
 
საქართველოს დღის თანა-ორგანიზატორებმა და უესტმინსტერის უნივერსიტეტის ლექტორებმა ნინო ფორაქიშვილმა და პიტერ ლიდიარდმა ისაუბრეს საქართველოზე როგორც განათლებისა და მეცნიერების ცენტრზე, აგრეთვე დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ბიო-სამედიცინო მეცნიერებაში არსებულ თანამშრომლობაზე.
 
განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს: საქართველო-ბრიტანეთს შორის დამეგობრებული ქალაქების, კერძოდ ბრისტოლი-თბილისი, ნიუპორტ-ქუთაისი და ნიუქასლი-ახალციხის წარმომადგენლებმა; ასევე, საქველმოქმედო ორგანიზაცია “მკურნალის“ და ბრიტანულ-ქართული საზოგადოების წევრებმა.
 
კონფერენციის ფარგლებში, ჯო სიმენმა (Jo Seaman) საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს ყოფილმა დირექტორმა, წარმოადგინა საქართველოს შესახებ დაწერილი საკუთარი წიგნი “Roses down the barrel of a gun –Georgia love and revolution”.
 
ღონისძიება გაგრძელდა მიღებითა და საქართველოს საელჩოს მიერ წარმოდგენილი ქართული ღვინის დეგუსტაციით.