ლონდონში აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

19.06.2019 დიდი ბრიტანეთი- ლონდონში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, რუმინეთის და პოლონეთისა და შვედეთის საელჩოების ორგანიზებითა და დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით Royal United Services Institute-ში (RUSI) გაიმართა მაღალი დონის კონფერენცია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს მიეძღვნა.

 
აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის სტატუსით სიტყვით გამოვიდა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი.
 
საქართველოს ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შექმნის წინაპირობებზე, განვითარების ისტორიასა და სამომავლო პრიორიტეტებზე.
 
თამარ ბერუჩაშვილმა ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნის მიღწევებზე, ქვეყანაში წარმატებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.
 
თავის გამოსვლაში ელჩმა დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციის პროცესი და ხაზი გაუსვა ასოცირების შესახებ შეთანხმების, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას.
 
კონფერენციის მონაწილეებს ბრიტანეთის მთავრობისა და რუმინეთის, როგორც ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სახელით, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის გენერალური დირექტორატის დირექტორმა, მარტინ ჰარისიმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, დან ნეკულაესკუმ.
 
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის ოფიციალური პირები და ექსპერტები.
 
კონფერენციაზე ერთხმად აღინიშნა საქართველოს მოწინავე ადგილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
 
კონფერენციას ესწრებოდნენ ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, უნივერსიტეტებისა და დიდი ბრიტანეთის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.
 
აღსანიშნავია, რომ Royal United Services Institute (RUSI) ლონდონში საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებზე და საგარეო პოლიტიკაზე ფოკუსირებული წამყვანი კვლევითი ცენტრია.