ლონდონში საქართველოს საელჩომ ფუტკრის მსოფლიო დაცვის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

28.05.2019 ლონდონის გამოჩენილ კულტურულ ცენტრში Conway Hall გაიმართა ფუტკრის მსოფლიო დაცვის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა "WORLD BEE DAY COMES TO LONDON", რომელშიც მონაწილეობა დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩომ მიიღო. მსგავსი ღონისძიება პირველად გაიმართა ლონდონში, რომლის მიზანს ფუტკრის როლის და მისი დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლება წარმოადგენდა.

ღონისძიება ლონდონში სლოვენიის საელჩოს ინიციატივითა და 27 ქვეყნის წარმომადგენლის მხარდაჭერით შედგა და მას 500-მდე სტუმარი დაესწრო. საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების და ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მხარდაჭერით, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ოთხი ქართული კომპანიის - „გეო ნატურალი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ნენა“ და „ირინოლა და თაფლის კომპანია“ - თაფლის სხვადასხვა სახეობები და ფუტკრის სხვა პროდუქტები.

სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა ქართულმა წაბლის თაფლმა, 100%-ით ველურმა და ორგანულმა თაფლმა აჭარის რეგიონიდან - ჯარამ, გოზინაყმა და თაფლის ჭაჭამ.

საელჩო დიდ მადლობას უხდის ყველა სპონსორს, რომელთა მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ლონდონში ფუტკრისა და მეფუტკრეობის შესახებ პირველ ღონისძიებაში საქართველოს და ქართველი მეფუტკრეების სათანადოდ წარმოჩენას.