ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

9.10.2018 დიდი ბრიტანეთი - ლონდონში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით და ღვინის ექსპერტისა და მწერლის რობერტ ჯოსეფის ორგანიზებით, ქართული მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში დახურული საზოგადოება - The National Liberal Club-ის წევრებსა და მათ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ღვინის მასტერკლასში და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის 8 სახეობა.
 
ღონისძიებაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა უნიკალურ ქართულ კულტურასა და მეღვინეობის 8000 წლოვან ტრადიციაზე. თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ  დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინო  განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
 
ღვინის მასტერკლასის შემდეგ, დახურული კლუბის წევრებისთვის ვახშამი გაიმართა, რომელზეც  წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულოს კერძები.