ლონდონში ქართული პოლიფონიის საღამო გაიმართა

2.10.2017 ლონდონი -  30 სექტემბერს, ლონდონში ბრიტანეთის ბიბლიოთეკის მასშტაბური პროექტი ხმების სეზონი ქართული პოლიფონიის საღამოთი გაიხსნა.

ღონისძიებაზე მოეწყო ბრიტანული კომპანია „გრამოფონის“ მიერ 1901-1914 წლებში თბილისში გაკეთებული ჩანაწერების პრეზენტაცია ბრიტანელი და ქართველი მკვლევარების, ისტორიკოსებისა და მუსიკოსების მიერ.

ქართულ პოლიფონიურ მუსიკასა და „გრამოფონის“ ისტორიულ კოლექციაზე ისაუბრეს ბრიტანეთის ბიბლიოთეკის კურატორმა ვილ პრენტისმა, მომღერალმა და მუსიკის მცოდნემ, ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, პროფესორმა ანზორ ერქომაიშვილმა და თბილისის კონსერვატორიის რექტორმა, პროფესორმა რეზო კიკნაძემ. აუდიტორიამ მოისმინა კომპანია „გრამოფონის“ კავკასიასა და შუა აზიაში საუკუნის წინანდელი მოგზაურობისა და ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ჩანაწერები.

საღამოს დასკვნითი ნაწილში გაიმართა სამბლ „რუსთავის“ კონცერტი. ანსამბლი  დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ დაწარადგინეს. ნახევარი საუკუნის წინ ანზორ ერქომაიშვილის მიერ მეგობრებთან ერთად დაარსებულმა ანსამბლმა, ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში 1901-1914 წლებში „გრამოფონში“ ჩაწერილი უნიკალური კოლექციიდან შეასრულეს სიმღერები.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჩანაწერების მეშვეობით ქართული პოლიფონიის უამრავი უნიკალური ნამუშევრის გადარჩენა და შენახვა მოხერხდა, რამაც თავის მხრივ, დიდი როლი შეასრულა 2001 წელს იუნესკოს მიერ ქართული პოლიფონიური სასიმღერო კულტურის კაცობრიობის არამატერიალურ საგანძურად აღიარებაში.

ღონისძიება დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.