ლონდონში ყოველწლიური ღონისძიება „რუსთაველის დღე“ გაიმართა

12.11.2019 ქ. ლონდონი- ბრიტანულ-ქართული საზოგადოებისა და Royal Asiatic Society-ის ერთობლივი ორგანიზებით ლონდონში ყოველწლიური ღონისძიება, „რუსთაველის დღე“ გაიმართა, რომელიც წელს ანგლო-ქართულ კავშირებს მიეძღვნა. კონფერენცია გახსნეს ბრიტანულ-ქართული საზოგადოების წევრმა დავით გიგაურმა და Royal Asiatic Society-ის დირექტორმა, დოქტორ ელისონ ოტამ (Alison Ohta).
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მთავარი მომხსენებლის სტატუსით მიმართა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა. თავის გამოსვლაში ელჩმა ისაუბრა მარჯორი უორდროპის უდიდეს როლსა და მნიშვნელობაზე ქართულ კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციაში.

რუსთაველის დღის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა ნინო სტრეჩი (Nino Strachey), რომელმაც ისაუბრა დედის - იმერეთის პრინცესა თამარ ბაგრატიონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. თავად ნინო იყო პირველი შთამომავალი 1810 წლის შემდეგ, რომელიც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიწვევით ესტუმრა საქართველოს 1996 წელს.

სემინარის ფარგლებში აგრეთვე, წარმოდგენილი იყო ქართული მეწარმეობის ინდუსტრიის წარმომადგენლის, მიქაელ არამიანცის მოღვაწეობა და კავშირები საქართველოსთან, რომელზეც ისაუბრეს მისმა შთამომავლებმა ალეკ და კატია ჯანოეფებმა (Alec and Katya D’Janoeff). აღსანიშნავია, რომ მიქაელ არამიანცს უკავშირდება რიგი ამბიციური პროექტები თბილისში, რომელთა შორისაცაა მეცენატის მიერ აშენებული ცნობილი საავადმყოფო და სასტუმროები.


ღონისძიება გაგრძელდა მიღებით ქართული ღვინისა და კერძების თანხლებით.
 
2019 წელს იუნესკო (UNESCO) აღნიშნავს მარჯორი უორდროპის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს ხოლო, წლევანდელი „რუსთაველის დღე“ დაემთხვა მის დაბადების თარიღს. ბრიტანელი სწავლული და თარჯიმანი, რომელმაც შეისწავლა ქართული ენა და იმოგზაურა საქართველოში, გახლდათ პირველი ვინც შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” ინგლისურად თარგმნა.
 
აღსანიშნავია, რომ მ.წ 12 თებერვალს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და მარჯორი უორდროპის ფონდის მხარდაჭერით, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც იუნესკოს ეგიდით მარჯორი უორდროპის დაბადებიდან 150 წლისთავის გახსნას მიეძღვნა.
 
„რუსთაველის დღე“ დიდ ბრიტანეთში ტრადიციულად მომავალ წელს შემოდგომაზე გაიმართება და ქართულ კულტურას მიეძღვნება.