მალაიზიაში საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ბრუნეი დარუსალამს ეწვია

20.11.2019 ბრუნეი - მალაიზიაში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ აფხაზავა სამუშაო ვიზიტით  ბრუნეი დარუსალამს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ბრუნეი დარუსალამის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივ მდივანთან, ჰაჯაჰ სიტი ნორიშანთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი, პენგირან ჰუსაინი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური, ასევე ვაჭრობის, აგროსექტორის, ტურიზმისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ბრუნეის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისა და პოლიტიკური კონსულტაციების დაწყების, ასევე ბრუნეის მიერ ქ. ანკარიდან საქართველოს დიპლომატიური გადაფარვის და დიპლომატიური, სამსახურებრივი და/ან ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის საკითხები. ბრუნეის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოსა და რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ.