მალაიზიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

30.09.2019 მალაიზია - საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების მალაიზიის ფილიალისა და მონაწილე ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების თანაორგანიზებით. საქართველოს გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ათმა ევროპულმა ქვეყანამ.
 
ღონისძიება გაიმართა მალაიზიის ხელოვნებისა და ტექნოლოგიის კოლეჯის (HELP College of Arts & Technology) საგამოფენო პავილიონში, სადაც თითოეული მონაწილე ქვეყნისთვის გამოყოფილი იყო საგამოფენო სტენდი. ასევე ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში, სადაც პასუხი უნდა გაეცათ კითხვებზე მონაწილე ქვეყნების ისტორიის, კულტურის და/ან ენის შესახებ. ხუთი გამარჯვებული დაჯილდოვდა მონაწილე ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ მომზადებული საჩუქრებით. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა წარმოდგენილი ენების მოკლე გაკვეთილები. ბავშვებისთვის კი მოწყობილი იყო გასაფერადებელი კუთხე, სადაც შეეძლოთ აერჩიათ წინასწარ გასაფერადებლად მომზადებული სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრების და მულტფილმების გმირები.
 
გამოფენას 300-მდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის ადგილობრივი უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორები, სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები, მალაიზიის ჟესტების ენის ასოციაციის, კულტურული ცენტრების და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ქართული ენის სტენდმა და გაკვეთილებმა სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.