მალტის ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით ვარშავა) საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2017 წლის 24 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა მალტის რესპუბლიკის ელჩთან ნატაშა მელი დაუდესთან (რეზიდენციით ვარშავა). მალტის არარეზიდენტი ელჩი საქართველოს ესტუმრა პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის მიზნით.  

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მალტის ელჩმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ევროპული მისწრაფებებისადმი. 

თავის მხრივ, ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა მალტურ მხარეს ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის. 

მინისტრის მოადგილემ მალტის ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში.