მასწავლებლებს განსაკუთრებული როლი გენიჭებათ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში - მიხეილ ჯანელიძე

7.05.2018 ქ. თბილისი - ​„სემინარს - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ ევროპის დღეების ფარგლებში ვატარებთ, რომელიც უკვე ტრადიციული ღონისძიებაა. მინდა თითოეულ თქვენთაგანს მადლობა გადაგიხადოთ ძალიან აქტიური ჩართულობისთვის, ინტერესისთვის, რადგანაც ჩვენ ერთად ვაშენებთ და ვქმნით ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. თქვენ განსაკუთრებული როლი გენიჭებათ ამ პროცესში და ამიტომ თქვენი განსაკუთრებული მონაწილეობა და ჩართულობა არის მხოლოდ მისასალმებელი. ევროინტეგრაცია მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გვაძლევს განათლების სფეროში. განსაკუთრებით აღსანიშნია ისეთი პროგრამები როგორიც არის მაგალითად Erasmus +, რომელიც განათლების სფეროსთვის არის განსაკუთრებული შედეგის მომტანი და ჩვენ ვართ იმ ქვეყნების ათეულში, რომლებიც ყველაზე აქტიურად და ეფექტურად იყენებენ მას. 800-ზე მეტი სტუდენტი და 41 უმაღლესი სასწავლებელი აქტიურად არის ჩართული პროგრამაში და ეს არის ძალიან პრაქტიკული, კონკრეტული შესაძლებლობა ჩვენი განათლების სფეროსთვის“ - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სემინარის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა. 

საგარეო უწყების ხელძღვანელის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ 4 წლის განმავლობაში იმართება აღნიშნული სემინარი, რომლის ფარგლებშიც 400-მდე პედაგოგი გადამზადდა და 380-მდე პროექტი განხორციელდა.

მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებასა და პერსპექტივებზე. მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით ახალგაზრდა თაობის უკეთ ინფორმირებისთვის მასწავლებლების განსაკუთრებულ როლს.

სემინარში, რომელიც „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში გაიმართა, რეგიონებიდან და დედაქალაქიდან 100-მდე მასწავლებელი იღებს მონაწილეობას, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან.

ღონისძიების მონაწილეები ორი დღის განმავლობაში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, თანამშრომლობის მიმდინარე პროექტებსა და შესაძლებლობებზე, ევროპულ ღირებულებებზე მიიღებენ ინფორმაციას.

მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ფელიქს ფეტმა და ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა.

აღსანიშნავია, რომ სემინარის გახსნაზე, საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულები თვის ბოლოს, ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის“ მხარდაჭერით ესტონეთში გაემგზავრებიან.

აღნიშნული პროექტი პედაგოგების მიერ, მთელი წლის განმავლობაში, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას ითვალისწინებს.

პროექტი სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით მეხუთე წელია ხორციელდება.

„ევროპის დღეები 2018“  5 მაისს დაიწყო 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“  და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება.   ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.