მედიის წარმომადგენლებთან საკონსულო საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

24.10.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ შეხვედრა გამართა მედიის წარმომადგენლებთან, რომლებსაც ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის განმავლობაში საკონსულო მიმართულებით გაწეული საქმიანობის და მისი სპეციფიკის შესახებ. 

საზოგადოების მხრიდან საკონსულო საკითხების მიმართ  მზარდ დაინტერესებას განაპირობებს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მოქალაქეთა გადაადგილების გააქტიურება, მოგზაურობის გამარტივება და სამგზავრო არეალის გაფართოება, საქართველოს მოქალაქეებისათვის გაზრდილი წვდომა ცალკეულ მიმართულებებზე (ევროკავშირის ქვეყნები), ტურისტული ნაკადების ზრდა. გადაადგილების ინტენსივობას ემატება მსოფლიოში არსებული გამოწვევები, რაც  მოქალაქეების მხრიდან საკონსულო მომსახურებასა და დახმარებაზე მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის. თემისადმი მაღალ ინტერესს მედიის მხრიდან ცალკეულ საკითხებზე ხშირად დასმული შეკითხვები, სატელევიზიო სიუჟეტები და სტატიები, ასევე მოქალაქეების მხრიდან სატელეფონო ზარებისა და ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შეტყობინებების დიდი რაოდენობაც ადასტურებს: მხოლოდ მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საკონსულო დეპარტამენტის ცხელ ხაზზე 25 ათასამდე ზარი, ხოლო ელექტრონულ ფოსტაზე 10 ათასამდე წერილია შემოსული.

შეხვედრაზე ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მედიის წარმომადგენლებს საკონსულო თემის დინამიურობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები მიაწოდა და მიმოიხილა კონკრეტული მიმართულებები; ხაზი გაუსვა მედიის როლის მნიშვნელობას მოქალაქეთა ინფორმირებისა და მოვლენების სათანადოდ შეფასების პროცესში.   განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომსახურების კუთხით  თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების ეფექტიანობას და ამ მხრივ, სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. 

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მსგავსი ფორმატის საინფორმაციო-ანალიტიკური შეხვედრები, წლის ბოლომდე, სხვა პრიორიტეტულ თემებზეც გაიმართება.